top of page

Terms and Conditions

სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის წესები და პირობები

 

1. ზოგადი დებულებები

1.1 წინამდებარე „Future Laboratory Venture” აქსელერაციის პროგრამის წესები და პირობები“ (შემდგომში - „წესები და პირობები“) არეგულირებს სააქსელერაციო პროგრამის (შემდგომში - „აქსელერაციის პროგრამა“/“პროგრამა“) ორგანიზების, ჩატარების წესებს და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ამასთან, აღნიშნული „წესები და პირობები“ არეგულირებს შპს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს“ და „პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველს/დარეგისტრირებულ პირს (შემდგომში - „პროგრამის მონაწილე“/“მონაწილე“) შორის ურთიერთობას.

1.2 „პროგრამის“ მიზანია ქვეყნის მასშტაბით სტარტაპების განვითარების და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირების ხელშეწყობა, იდეის ეტაპზე მყოფი პროექტების განვითარება.

1.3 პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს ნებისმიერი პროექტი, ბიზნეს იდეა, რომლის განხორციელებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

 

1.4 პროექტების შერჩევის პროცესი წარიმართება კონკურსის წესით, წარმოდგენილი განაცხადებიდან საუკეთესო პროექტების შერჩევის გზით. ბიზნეს იდეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • უნდა იყოს ინოვაციური და ჰქონდეს ბიზნეს პერსპექტივა;

  • განცხადებელს უნდა გააჩნდეს საკუთარი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხედვა და მზადყოფნა;

  • სტარტაპი არ უნდა იმეორებდეს არსებულ ბიზნესს და უნდა ჭრიდეს პრობლემას ინოვაციური, ან არსებული გადაწყვეტის მკვეთრი გაუმჯობესების გზით.

1.5. „პროგრამა“/“კონკურსი“ ეფუძნება სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს.

 

 

2. ტერმინთა განმარტებაა

ა) „Future Laboratory Venture”- სს “ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405696894 )

ბ) „პროგრამის მონაწილე“/„კონკურსის მონაწილე“ -ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა გაერთიანება - „პირთა ჯგუფი“, რომელიც არ არის დასაქმებული “ფიუჩერ ლაბორატორი მენეჯმენტში“ ან/და ამავე კომპანიების შვილობილ ან და დაკავშირებულ კომპანიებში და მონაწილეობას იღებს აქსელერაციის პროგრამაში.

გ) „განმცხადებელი“ - სრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირდება „სისტემაში“ და ეთანხმება წინამდებარე წესებს და პირობებს. პირთა გაერთიანების შემთხვევაში განმცხადებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც პირთა ჯგუფის სახელით წარადგენს სისტემაში განაცხადს და ავსებს თითოეული მონაწილის შესახებ ინფორმაციას.

დ) „პროგრამა“ - სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც შედგება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ეტაპებისგან და გრძელდება 3 (სამი) თვის განმავლობაში.

ე) „განაცხადი“ – „პროგრამის“ ფარგლებში მონაწილის მიერ ონლაინ შევსებული ფორმა.

ვ) „სისტემა“ – „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერის“ მიერ ადმინისტრირებული გვერდი Dealum-ის პლატფორმაზე.

 

 

3. სისტემაში რეგისტრაციის პირობები

 

3.1. "განმცხადებელი" "სისტემაში" რეგისტრირდება წინამდებარე "წესების და პირობების" შესაბამისად." რეგისტრაციამდე "განმცხადებელი" ვალდებულია გაეცნოს მასში მითითებულ პირობებს. სისტემაში რეგისტრაციისას ფიზიკური პირი ვალდებულია შეავსოს მოთხოვნილი მონაცემები.

3.1.1 იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში რეგისტრაციას ახორციელებს ფიზიკური პირი ფიზიკურ პირთა ჯგუფის სახელით, „განმცხადებელი“ ჯგუფში არსებული ყველა პირის თანხმობით ავსებს სისტემაში მითითებულ მონაცემებს.

 

3.2 "სისტემაში" რეგისტრაციით „განმცხადებელი“ აცხადებს ნებაყოფლობით თანხმობას წინამდებარე "წესების და პირობების" მოქმედება გავრცელდეს მასზე (პირთა ჯგუფის სახელით განაცხადის ატვირთვის დროს პირთა ჯგუფის სახელით), შესაბამისად, "სისტემაში" რეგისტრაციის შემდეგ "კონკურსის მონაწილე" ავტომატურად ექცევა წინამდებარე "წესებისა და პირობების" მოქმედების ფარგლებში.

3.3 რეგისტრაციის დასრულების ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ „კონკურსის მონაწილე“ გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე "წესებს და პირობებს" და წარმოეშვა მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

3.4 "სისტემაში" რეგისტრაციის გზით „განმცხადებელს“ ენიჭება უფლება გაიაროს ავტორიზაცია სისტემაში. ავტორიზებული „კონკურსის მონაწილე“ უფლებამოსილია „კონკურსში“ მონაწილეობის მიღების მიზნით განათავსოს განაცხადი სისტემაში.

 

 

4. სტარტაპ აქსელერაციის კონკურსის ეტაპები

4.1 სტარტაპ აქსელერაციის კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) განაცხადების მიღება;

გ) განაცხადების განხილვა;

დ)პრეაქსელერაცია 40 გუნდისათვის;

ე) სტარტაპების შერჩევა აქსელერაციისათვის;

ვ) აქსელერაცია 26 გუნდისათვის;

ზ) დემო დღე;

 

4.2 კონკურსის გამოცხადება განხორციელდება „ვებ.გვერდზე“ ინფორმაციის განთავსებით, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ატვირთონ სისტემაში განაცხადი იმ ვადაში, რაც განსაზღვრული იქნება კონკურსის გამოცხადების დროს ინფორმაციის განთავსებისას;

4.3 განაცხადების განხილვა მიზნად ისახავს თითოეული მიღებული განაცხადის ინოვაციურობისა და პერსპექტიულობის შეფასებას. განაცხადების განხილვას და შეფასებას უზრუნველყოფს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერის“ საკონკურსო კომისია.

4.4 განაცხადების განხილვის შემდგომ „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად არაუმეტეს 40 განაცხადი გადაყვანილი იქნება პრეაქსელერაციის ეტაპზე;

4.5 პრე-აქსელერაციის ეტაპი მიზნად ისახავს და მოიცავს შემდეგს:

  • სტარტაპ იდეის საბაზრო პოტენციალის დადგენას;

  • გუნდის ეფექტურობის შემოწმებას;

  • სატესტო ვერსიაზე მუშაობის დასაწყებად იდეის დახვეწას.

 

 

5. მხარეთა უფლება-მოვალეობები

5.1 "კომპანია" უფლებამოსილია:

5.1.1 შეცვალოს წინამდებარე" "წესები და პირობები" ნებისმიერ დროს და განათავსოს "სისტემაში". ამასთან, აღნიშნული ცვლილებების შესახებ "კომპანია" უფლებამოსილია "კონკურსის მონაწილეს", დამატებით გაუგზავნოს შეტყობინება მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.

5.1.2 შეწყვიტოს "კონკურსის მონაწილის" "სისტემასთან" წვდომა ნებისმიერ დროს ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული "კონკურსის მონაწილის" მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს "სისტემას" ან თავად "კომპანიას".

5.1.3 იმ შემთხვევაში, თუ "კომპანიისთვის" ცნობილი გახდება, რომ "კონკურსის მონაწილის" მიერ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ იქნა სხვა პირის მონაცემები ან თუ "კონკურსის მონაწილის" მხრიდან განხორციელდება წინამდებარე "წესებით და პირობებით" გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, "კომპანია" უფლებამოსილია განახორციელოს "კონკურსის მონაწილის" დაბლოკვა და შეუზღუდოს "კონკურსის მონაწილეს" (იმავე მონაცემების მქონე პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება.

5.1.4. „კომპანიას“ აქვს უფლება უარი უთხრას „კონკურსის მონაწილეს“ განაცხადის განთავსებაზე ან/და ამოიღოს სისტემიდან უკვე განთავსებული განაცხადები საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება კომპანიის მიერ განსაზღვრულ კონკურსის პირობებს. ასეთ შემთხვევაში, კომპანია არ არის ვალდებული შეატყობინოს ავტორს განაცხადის განთავსებაზე უარის ან/და მისი სისტემიდან ამოღების მიზეზი.

5.1.5 წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები მონაწილის ან ნებისმიერი სხვა პირის დამატებითი თანხმობის გარეშე გადასცეს სხვა პირს მისი შეხედულებისამებრ.

5.1.6 თითოეულ გუნდს გადასცეს მატერიალური და არამატერიალური ინვესტიცია 24000 აშშ დოლარის მოცულობით სტარტაპში 6% წილის დათმობის სანაცვლოდ. (10.000 ლარი ნაღდი ფული და კონტრიბუცია აქსელერაციის პროგრამის სახით, პარტნიორის რესურსებსა და ტექნოლოგიებზე წვდომით).

 

 

5.2 „განმცხადებელი“/"კონკურსის მონაწილე" ვალდებულია:

5.2.1 "სისტემაში" რეგისტრაციის დროს მიუთითოს რეალური, სრულყოფილი, ზუსტი და მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სისტემაში ტვირთავს ბიზნეს იდეას პირთა ჯგუფის სახელით და ავსებს თითოეული მონაწილის მონაცემებს, ვალდებულია მონაცემების ატვირთვამდე მოიპოვოს შესაბამისი ინფორმირებული თანხმობა თითოეული პირისგან. აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თავად აგებს პასუხს"კომპანიის" და მესამე პირების წინაშე.

5.2.2 დაიცვას წინამდებარე "წესები და პირობები".

5.2.3 სრულად აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განთავსებულ განაცხადთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.

5.2.4 „კონკურსის მონაწილე“ ვალდებულია შეატყობინოს „კომპანიას“, თუკი განაცხადის განთავსებასთან დაკავშირებით „კომპანიის“ ან მესამე პირთა ქმედებებით დაირღვევა მისი უფლებები და ინტერესები.

5.2.5 თითოეული მონაწილე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების 30%-ზე მეტის გაცდენის შემთხვევაში კონკურის მონაწილე არ დაიშვება დემო დღეზე და მასზე გავრცელდება 5.2.9 მუხლით დადგენლი პირობები.

5.2.6 „კონკურსის მონაწილე“ ვალდებულია წარადგინოს ყოველკვირეული შედეგების შეჯამება სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საბჭო შედგება აქსელერაციის პროგრამის მენეჯმენტისა და მოწვეული ექსპერტებისაგან.

5.2.7 განაცხადის ავტორი ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა ჯგუფი ვალდებულია აქსელერაციის ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში დააფუძნოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოში, ხოლო დემო დღეზე შემდგომი ინვესტირებისათვის დააფუძნოს ამერიკული კომპანია (C-corp).

5.2.8 აქსელერაციის ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში იმ ბიზნეს იდეის ავტორები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს, ვალდებულნი არიან, „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერთან“ გააფორმონ წილის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება წილობრივი გადანაწილების მიხედვით.

5.2.9 იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის შერჩევა განხორციელდება აქსელერაციის ეტაპზე გადასაყვანად და ის მიიღებს დაფინანსებას 10 000 ლარის ოდენობით, მაგრამ უარს განაცხადებს აქსელერაციის გაგრძელებაზე, არ იქნება ჩართული აქსელერაციის ეტაპზე და არ წარადგენს საბოლოო პრეზენტაციას დემო დღეზე, განაცხადის ავტორი ვალდებული იქნება აუნაზღაუროს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს“ აქსელერაციის პროგრამისა და ინვესტიციის სრული მოცულობა 24000$.

5.2.10 აქსელერაციის ეტაპზე არ შერჩევის შემთხვევაში პრე-აქსელერაციის ეტაპზე დათმობილი 4%-იანი წილი შეუნარჩუნოს კომპანიას.

5.2.11 პრე-აქსელერაციის გავლის შემდგომ მონაწილეებს, რომლებიც არ იქნებიან შერჩეული აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისათის ექნებათ წვდომა ლექციებსა და მასალებზე, თუმცა შეეზღუდებათ დემო დღეზე დასწრებისა და ბორდის შეხვედრების შესაძლებლობა.

 

 

6. "კონკურსის მონაწილის" პერსონალური მონაცემების დამუშავება/დაცვა

6.1 წინამდებარე ურთიერთობის მიზნებისთვის „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს“ წარმოადგენს „მონაწილეთა“ პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს და ის უზრუნველყოფს მათი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე "კონკურსის მონაწილის" პერსონალური მონაცემების დაცვას.

6.2 „კონკურსის მონაწილე“ "სისტემაში" რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს, „კომპანიამ“ უზრუნველყოს რეგისტრაციის პროცესში "კონკურსის მონაწილის" მონაცემების (სახელი გვარი,ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) მიღება, შენახვა და დამუშავება. აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „კონკურსის მონაწილის" მიერ "სისტემაში" რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას.

 

 

7. დასკვნითი დებულებები

7.1 წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

7.2 ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოში მოქმედ სასამართლოს.

7.3. „კონკურსის მონაწილე“ თავად არის პასუხისმგებელი განაცხადის შინაარსზე, შესაბამისად, კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა განაცხადების შინაარსსა და კანონმდებლობასთან მათ შეუსაბამობაზე, საავტორო უფლებების დარღვევაზე, სასაქონლო ნიშნების, ფირმების დასახელებებისა და მათი ლოგოტიპების არასანქცირებულ გამოყენებაზე, აგრეთვე, სისტემაში განაცხადის განთავსებასთან დაკავშირებით მესამე პირთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე.

bottom of page